Saturday, May 19, 2012

ტურიზმი განვითარებად ქვეყნებში

   დღესდღეობით ჩვენი ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად მიიჩნევა ტურიზმის განვითარება. ამიტომ, ჩემი აზრით, საინტერესო იქნება ამ სფეროს ზოგადი მიმოხილვა და მისი უპირატესობების აღწერა.
      ტურიზმი ერთ-ერთი უდიდესი ინდუსტრიაა მსოფლიოში, რომლის განვითარებასაც ამა თუ იმ ქვეყანაში დიდწილად განაპირობებს შიდა სტაბილურობა, უსაფრთხო გარემო და ეკონომიკური განვითარების მისაღები დონე. ტურიზმის ინდუსტრიას შეუძლია ხელი შეუწყოს მშვიდობისა და განვითარების გამყარებას განვითარებად ქვეყნებში, სამუშაო ადგილების შექმნის, შემოსავლების ზრდის, ეკონომიკის დივერსიფიკაციის, გარემოს დაცვისა და კულტურათა დაახლოების გზით.  ტურიზმის განვითარებას მნიშვნელოვნად ასტიმულირებს სახელმწიფოს მიერ ამ მიმართულებით ეროვნული სტრატეგიის შემუშავება და გონივრული კანონმდებლობის დანერგვა.        
      ქვეყანაში ტურიზმის განვითარებისთვის საჭიროა საზოგადოების, მთავრობისა და უცხოელი და ადგილობრივი ინვესტორების კოორდინირებული მოქმედება. საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს თუ რას ეფუძნება მისი კონკურენტული უპირატესობა სხვა ქვეყნებთან შედარებით და გააუმჯობესოს მომსახურება. ტურიზმის სფეროში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაში დიდ როლს ასრულებს სახელმწიფო შესაბამისი რეგულაციებითა და ინფრასტრუქტურის მოწყობით. უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ეკისრება ინვესტიციებს, რომელიც წარმოადგენს მამოძრავებელ ძლას ტურიზმის განვითარებისთვის.        
     ტურიზმის ინდუსტრიის მასშტაბურობას ამტკიცებს ციფრებიც, კერძოდ, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მონაცემებით, 2008 წელს მსოფლიო საერთო შემოსავლებიდან ერთ ტრილიონამდე დოლარს სწორედ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები შეადგენდა, ხოლო საერთაშორისო ტურისტთა რაოდენობა 900 მილიონს აღემატებოდა. უკანასკნელ წლებში შეიმჩნევა ტურისტთა ზრდის ტენდენცია განვითარებად ქვეყნებში, რაც ხელს უწყობს ამ ქვეყნებში შემოსავლების აკუმულირებას და ცხოვრების დონის ზრდას.      
ტურიზმის განვითარება უზრუნველყოფს სხვადასხვა სახის უპირატესობებს: - განვითარების საშუალებას აძლევს ისეთ ქვეყნებს, რომელთაც არ გააჩნიათ ნედლეული, თუმცა საკუთარ კონკურენტულ უპირატესობას აფუძნებენ თავიანთ კულტურაზე, ისტორიულ ძეგლებზე, ნაკრძალებსა და ბუნებრივ პირობებზე;      
    ხელს უწყობს სასტუმროებისა და რესტორნების ქსელის განვითარებას,  კვების მრეწველობას, ახდენს შრომის ბაზრის დივერსიფიკაციას, ქმნის ტურისტულ მარშრუტებს და სამუშაო ადგილებს ისეთი პროფესიის ადამიანებისათვის, როგორებიც არიან: გიდები, თარჯიმნები, მზარეულები, მძღოლები, სასტუმროს მენეჯერები და მომსახურე პერსონალი და მომსახურების სფეროს სხვა წარმომადგენლები;        
- ტურისტთა ნაკადის ზრდა საშუალებას აძლევს მოსახლეობას, რომელიც ვერ ახერხებს საკუთარი ნაწარმის ექსპორტზე გატანას, ადგილზე მოახდინოს მისი  პროდუქტის რეალიზაცია;         
   ტურიზმის განვითარებას უამრავ უპირატესობასთან ერთად თან ახლავს გარკვეული უარყოფითი მხარეებიც, ისეთები, როგორებიცაა: დაავადებების გავრცელება და ტერორიზმის საფრთხე. ასევე, შესაძლოა, უცხოელი ინვესტორი დაინტერესებული იყოს მხოლოდ მოგების მიღებით მოკლევადიან პერიოდში და არ ითვალისწინებდეს ქვეყნის გრძელვადიანი მყარი განვითარების ინტერესს. ასეთი მიდგომის თავიდან ასაცილებლად საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული  მონიტორინგის დაწესება ტურიზმის, განსაკუთრებით კი ეკოტურიზმის სფეროში განხორციელებულ ინვესტიციებზე. ტურიზმის განვითარებაზე უარყოფით გავლენას ახდენს დაძაბული და არასტაბილური მდგომარეობა როგორც ქვეყნის შიგნით ისე მის მეზობელ ქვეყნებში
    ადამიანებმა, რომლებიც ფლობენ საოჯახო თუ დიდ სასტუმროებს და განკარგავენ სხვადასხვა ტურისტულ ცენტრებს, უნდა იცოდნენ კულტურული განსხვავებულობის ასპექტები, რათა გააუმჯობესონ ტურისტების მომსახურება და ზუსტად განსაზღვრონ ის მიმართულებები, რაც უფრო ეფექტიანს გახდის მათ ბიზნესს. ამ მიზნით შესაძლებელია კონსულტანტების მოწვევა განვითარებული ტურიზმის მქონე ქვეყნებიდან.       
      წყარო: www.education.ge

No comments:

Post a Comment